219 77 77
29/07/2014 -
“ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორი გახდა

2014 წლის ივლისში, „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორი გახდა. შედეგად, ასოციაციის წევრებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ აგრო–ლიზინგის მომსახურებით და გამარტივებული და ხელმისაწვდომი პირობებით, შეიძინონ მათთვის საჭირო აგრო–ტექნიკა. ბოლო ორი წელია, „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ თავის მომხმარებლებს სოფლის მეურნეობაში საჭირო ნებისმიერი დანიშნულების დანადგარების, საწარმოო ხაზების, ასაწყობი კონსტრუქციებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ლიზინგს სთავაზობს.

 

„ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია აგრო–სექტორის დაფინანსებაში სალიზინგო მომსახურების წილის გაზრდაა. შესაბამისად, ვგეგმავთ სპეციალური შეთავაზების მომზადებას ასოციაციის წევრებისთვის, რათა დავანახოთ მათ ლიზინგის უპირატესობა სტანდარდულ საბანკო სესხთან შედარებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელს შეიქნა აგრარული პოლიტიკის განხორციელებაში ფერმერთა როლის გაძლიერებისა და მათი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით. იგი ფერმერთა გაერთიანებების „ქოლგა“ ორგანიზაციას წარმოადგენს, რაც გაერთიანებათა გაერთიანებას გულისხმობს. ასოციაცია დღეს არა მარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებსაც აერთიანებს, რათა შემდეგ ინდივიდუალური წევრების გეოგრაფიულ თუ დარგობრივ ინტერესთა მიხედვით გაერთიანებას შეუწყოს ხელი. ასოციაციაში 1000 წევრია, აქედან 500 დამოუკიდებელ წევრია, ყველა დანარჩენი კი ასოცირებული წევრები არიან.